logo
ENG



"რკინის ჯოხით მცემდნენ და მემუქრებოდნენ" - რას ჰყვება ფერიის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი

19 ივნ 202120:02
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ბათუმში ფერიის მთის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი ამბობს, რომ პანსიონში მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. დავით სამხარაძემ პანსიონში, რომელიც იღუმენია სიდონია დარჩიას დაქვემდებარებაშია, 3 წელი გაატარა. 

პანსიონის ბენეფიციარმა შაბათის ფორმულას წერილი გაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ შაბათის ფორმულას გადამღები ჯგუფი ხსენებულ პანსიონში არ შეუშვეს. სამხარაძე იხსენებს, რომ პანსიონში მას რკინის საგნითაც სცემდნენ და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. 

შაბათის ფორმულასთან საუბარში პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი ამბობს, რომ აღმზრდელებს შორის განსაკუთრებული სიმკაცრით გამორჩეულებიც იყვნენ. 

"თითქმის ყოველ მესამე დღეს მცემდნენ. განსაკუთრებულად სასტიკი იყო, შეუბრალებელი იყო ხელებით ცემაში, რკინის ჯოხით, რომელსაც იყენებდა ცემის დროს და არაერთხელ ვუცემივარ - ეს იყო ლოგინის საფეხურ. წელზე მირტყამდა, მხრებზე, ნაძვზე მიმანარცხა და ლავიწის ძვალი გამიტყდა. ექიმთან წამიყვანეს და თქვენ რომ ჩემით დავიზიანეო", - ამბობს ყოფილი ბენეფიციარი. 

მისი თქმით, პანსიონის აღსაზრდელები ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არამხოლოდ აღმზრდელებისგან, არამედ სასულიერო პირებისგანაც იყვნენ. სამხარაძე იხსენებს, რომ 14 წლის ასაკში მასზე ერთ-ერთმა მამაომ იძალადა. როგორც ყოფილი ბენეფიციარი ყვება, მშობლებთან სასტიკ მოპყრობაზე საუბარი, ასევე მკაცრად ისჯებოდა. "მამა იოანე იყო ასეთი - კაბა აიწია, გადამაჯდა და ორივე ხელით მცემა". 

იღუმენია სიდონია დარჩია ფერიის ბავშვთა პანსიონს ახლაც ხელმძღვანელობს. ბავშვთა სახლი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და ის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ეკუთვნის. ამ უკანასკნელს მეუფე დიმიტრი ხელმძღვანელობს. დავით სამხარაძე, პანსიონიდან გამოშვების ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანი გახდა. ამბობს, რომ ბავშვთა სახლში არსებულ ვითარებაზე პანსიონის გარეთ მამაოებთან არაერთხელ უსაუბრია.

დავით სამხარაძე ყვება, რომ პანსიონიდან მას შემდეგ გამოუშვეს, რაც ფიზიკურ შეურაცხყოფაზე პროტესტის გამოთქმა დაიწყო. მიზეზად ოჯახს მისი დაუმორჩილებლობა დაუსახელეს. მისი თქმით, პანსიონიდან გაშვების შემდეგ ის მუდმივი მუქარისა და შანტაჟის ობიექტი იყო.  

"ერთ-ერთმა მოძღვარმა მითხრა, რომ დარჩიები ჩაგქოლავთ, ენა არ ამოიღო. აღდგომის მარხვა იყო, იმდენად მეშინოდა, რომ მთელი აღდგომა ეზოში ვერ გავდიოდი. შანტაჟი იყო რომ არსად არ მიგიღებენ ისეთი დახასიათებით გაგიშვითო. თბილისში სასულიეროში დარეკა სიდონიამ, რატომ მიიღეთო და დირექტორმა უთხრა, თქვენ გამოაგდეთ, მე ვერ გავაგდებო", - ამბობს დავით სამხარაძე. 

ხდება თუ არა დღესაც ძალადობის ფაქტები ფერიის ბავშვთა პანსიონში, უცნობია, თუმცა იმ აღმზრდელების ნაწილი, ვისაც ყოფილი ბენეფიციარი გამორჩეულ სისასტიკეში სდებდა ბრალს, ახლაც იქ მუშაობენ. რამდენიმე დღის წინ ვითარება ადგილზე შეისწავლა სახალხო დამცველის მოადგილემაც. გახდება თუ არა ფერიის ბავშვთა პანსიონი ნინოწმინდის შემდეგ მეორე, რომლის საქმიანობასაც სამართალდამცავები შეისწავლიან, ჯერჯერობით უცნობია. 


close დახურვა